პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში (735-738 წწ), მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, „მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.
ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავს გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.
გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური.
გურიაში გავრცელებული იყო აბორიგენული ვაზის 50-ზე მეტი ჯიში. მათაგნ განსაკუთრებით ცნობილებია მტევანდიდი, კამური, სხილათუბანი, ჩხავერი, საკმიელა, კაბისტონი, კლარჯული, ჯაინი (ჯანი), მტრედის-ფეხა, ორონა. ვაზის დაავადებით, რომლებიც, 1853 წლიდან მძვინვარებდა, ბევრი ვენახი განადგურდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ვაზის ტრადიციული ჯიშები თანდათანა ოდესადან შეტანილმა „იზაბელამ“ (ე.წ. ადესა) განდევნა. ამჟამად ვაზის ძველი, ადგილობრივი ჯიშები თითქმის დავიწყებულია. დღევანდელ გურიაში გაბატონებულია დაბლარი ცოლიკოური და მაღლარი ადესა. გურიაში აღმოჩენილია ველური ვაზი მორცხულა, რომელსაც წვრილი, შავი მარცვლები და ღია ფერის თხელი, პატარა ფოთოლი აქვს.




No comments:
Post a Comment